აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, საშობაო მოგზაურობები კორონავირუსის ახალი, “ომიკრონ“ ვარიანტის, გავრცელებას გაზრდის. ამის შესახებ ფაუჩიმ უცხოურ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ამასთან, ფაუჩიმ მოსახლეობას ვაქცინაციისა და ბუსტერ დოზის მიღებისკენ მოუწოდა.
„ეჭვი არ არის, რომ „ომიკრონს“ გავრცელების გამორჩეული შესაძლებლობა აქვს. ის მთელს მსოფლიოში ძლიერდება.
„განსხვავება ვაქცინირებულ და „ბუსტერ“ დოზით აცრილ დაინფიცირებულ პირებსა და იმ ინფიცირებულებს შორის, რომლებიც არასდროს აცრილან, დიდია და ეს არის მძიმე დაავადების განვითარების რისკი", - განაცხადა უცხოურ მედიასთან ფაუჩიმ.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.