გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი „ბრექსითის“ შემდეგ სავაჭრო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკებების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივად განაცხადეს.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეებმა საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს, თუმცა ჯონსონმა და ლაიენმა აღნიშნეს, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.
გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, პანდემიის მიუხედავად მარტში დაიწყო და თავიდანვე შედარებით დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ჯერ იყო და ახალი შეთანხმების საწყისმა პროექტმა გაჟონა პრესაში, რამაც ბრიტანელების უკმაყოფილება გამოიწვია, ხოლო შემდეგ თავად შინაარსმა წარმოშვა მზარდი გაუგებრობები.
მოლაპარაკებებმა თავდაპირველად თევზჭერის ზონებისა და კვოტების საკითხზე წაიბორძიკა – განსაკუთრებით ირლანდიის ზღვაში, რომელიც ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის საზღვრად იქცევა.
გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2020 წლის იანვარში დატოვა, 31 დეკემბერს კი გარდამავალი პერიოდი სრულდება, რა დროსაც ლონდონი ევროპულ ბაზარზე წვდომას ინარჩუნებს და საბაჟო კავშირში რჩება.