ღარიბაშვილი: ხელისუფლების ექსკლუზიური დისკრეციული უფლებაა, შეცვალოს, გააუმჯობესოს სხვადასხვა სამსახური თუ ინსტიტუტი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები“. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი უფლებებით.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება; ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას, ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. რა არის ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება - ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურონ ეფექტიანად.

თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა მოახდინოს.

თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს. ეს არის ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება. დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი?

პასუხი არის მარტივი - არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონ-პროექტის, მაშინ რატომ არა?

კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში.

შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია.

პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით. მე არ მინდა, ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე, შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ ის არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ - პოლიციაში. ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.

ამავე თემაზე:

კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: სამწუხაროდ, პროცესი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე განხორციელდა

სახალხო დამცველი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის