ელჩები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აფასებენ. მათ გზავნილებს წინ უძღოდა დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა.
მაგალითად, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტს აფასებს და პარლამენტს საკითხისადმი ინკლუზიური მიდგომისკენ მოუწოდებს.
„ვწუხვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესისა და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების გამო. საქართველოს პარლამენტს საკითხისადმი ინკლუზიურ გააზრებულ მიდგომას ვთხოვთ. სახელმწიფო ინსპექტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულმა, დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა თავისი უფლებამოსილება შეასრულოს და დაიცვას ადამიანის უფლებები“, - წერს Twitter-ზე ნორვეგიელი დიპლომატი.
თავის მხრივ, ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი მიიჩნევს, რომ საჭიროა ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით.
„შეშფოთებული ვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ნაჩქარევად დაშლის ინიციატივის გამო, რაც გამოიწვევს ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. საჭიროა ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. ნდობა და დამოუკიდებლობა საკვანძო საკითხია“, - აღნიშნავს ნიდერლანდების ელჩი.
კიდევ ერთი დიპლომატი, რომელმაც ასევე გამოხატა შეშფოთება, ჩეხეთის ელჩი, პეტერ მიკისკაა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გუშინ გვქონდა შეხვედრა ლონდა თოლორაიასთან. შემაშფოთებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, ყველა თანამშრომლის გათავისუფლების ინიციატივა და ეს გადაწყვეტიელება ხელს არ უწყობს მაკონტროლებელი და ბალანსის დაცვის სისტემის სათანადოდ მუშაობას“, - წერს ჩეხი დიპლომატი.
კოლეგების შეფასებებს იზიარებს საფრანგეთის ელჩიც.
„ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე გვაქვს დემოკრატიისათვის საკვანძო, მაკონტროლებელისა და ბალანსის პრინციპს, ჩვენ მოვუწოდებთ, გატარდეს რეფორმები ფრთხილად, ფართო კონსულტაციებით, რათა არ დარჩეს თანამდებობის პირების მიმართ ბრძოლის შთაბეჭდილება, - წერს დიეგო კოლასი Twitter-ზე.
ცნობისთვის, 28 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.
თავის მხრივ, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
ამავე თემაზე: