პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა წუხილი უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებით, რაც უკვე გადაწყვეტილია, რომ ისინი ორ ახალ უწყებაში გადანაწილდებიან, ხოლო ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც არ აქვს კითხვის ნიშანი და აქედან გამომდინარე, ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს.
„უბრალოდ, პრეზიდენტს აქვს ფუნქცია, რომ პროცესებს ზეპარტიულად, გვერდიდან, ასე ვთქვათ, განყენებულად შეხედოს და შეეცადოს, ამ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი შეფასებები შესთავაზოს. ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტიც ამას ცდილობს. რაც შეეხება ურთიერთობას, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, შევეცდები, რომ პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს და ზოგადად, პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ვინაიდან ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პრეზიდენტი გახლავთ ის ინსტიტუცია, რომელიც ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და თავისთავად, ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პირველ არხთან“.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.
გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს.
ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.
ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეწყვეტილიყო ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა.