დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტიდან უნდა გაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყაზახეთი ბელარუსად გადაიქცევა და ვლადიმერ პუტინი ცენტრალურ აზიაში მეთოდურად განახორციელებს თავის პროგრამას საბჭოთა კავშირის მსგავსი სტრუქტურის შესაქმენლად, - განაცხადა ყაზახეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა მუხთარ აბლიაზოვმა Reuters-თან საუბრისას.
მან თავი ოპოზიციის საპროტესტო აქციების ლიდერად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ყოველდღე გადიოდა კონსულტაციას ალმათში, მოქმედების ტაქტიკის შესახებ.
მუხთარ აბლიაზოვი, ყოფილი ბანკირი და მინისტრია. ამჟამად, ოპოზიციური მოძრაობის „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი“ ლიდერია.
„ყაზახეთი ახლა გეოპოლიტიკურ თამაშშია. რუსეთი უკვე შემოვიდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ეს რუსეთია. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპაცია“, - აცხადებს მუხთარ აბლიაზოვი.
აბლიაზოვი, რომელიც თაღლითობისა და გაფლანგვისთვის იძებნება, საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ასევე წაიკითხეთ: BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს
რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო
7 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია დემონსტრაციის ათეულობით მონაწილე. დაკავებულია 4000-მდე დემონსტრანტი.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის.