ავღანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში პროტესტისა და არეულობის ფონზე შექმნილ ვითარებას, რასაც ქვეყანაში რუსეთისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების გაგზავნა მოჰყვა.
ავღანეთის ისლამური ემირატის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ფაზირაბი ზაჰინმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია „ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში და, როგორც ახლო მეზობელი და ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფო, შეშფოთებულია არეულობით“.
სამინისტრო ასევე მოუწოდებს მთავრობას და პროტესტის მონაწილეებს, გადაწყვიტონ საკითხები მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით და ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა აღადგინონ.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ასევე წაიკითხეთ: BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს
7 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია დემონსტრაციის ათეულობით მონაწილე.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის.