საგარეო უწყება: გენერალური მდივნის მოადგილემ მინისტრ ზალკალიანს დაუდასტურა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება

ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას განიხილეს რუსეთსა და NATO-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ.უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის NATO-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები.

ასევე გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წვერი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები.

ცნობისთვის, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ NATO-რუსეთის სამიტის წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან.

ამავე თემაზე:

დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება