10 იანვარს, ჟენევაში დაწყებული მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩართულები არიან აშშ, მისი მოკავშირეები და რუსეთი, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. რუსეთი ამ რაუნდიდადან 10 დღის შემდეგ კვლავ იმეორებს რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს, რაზეც აშშ-ის პასუხი უცვლელია, დასავლეთი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა.
ამ ფონზე, როგორც 21 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას წარმოადგენენ წერილობით პასუხს ყველა წინადადებაზე. რა შედეგებამდე მიიყვანს ეს დიალოგი მხარეებს, ასევე აშშ-ის პარტნიორებს, და რატომ დგას გადამწყვეტი მომენტი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Europetime ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს იან ბონდს ესაუბრა. მანამდე ის ბრიტანეთში დიპლომატიურ სამსახურში იყო 28 წლის განმავლობაში. 2005-2007 წლებში, იან ბონდს ლატვიაში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.
_რას ელით მაღალი დონის დიპლომატიური დიალოგიდან რუსეთთან, რომელშიც ჩართულნი არიან აშშ და მისი მოკავშირეები.
ჩვენ ვნახეთ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულების (NEW START-ის) გახანგრძლივების გადაწყვეტილება ბაიდენის მმართველობის პერიოდის დასაწყისში. მაგრამ მაინც, შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაო შეიძლება სასარგებლო იყოს. INF (საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულება) ხელშეკრულების გარკვეული ჩანაცვლება ეფექტური გადამოწმების მექანიზმით – რაც ბოლო დროს არ გვქონია. ასევე, იმ ნდობის შენების ღონისძიებების აღდგენა, რაც ადრე გვქონდა და რომელიც რუსეთმა დაბლოკა რამდენიმე წლის წინ, სამხედრო წვრთნებზე შეტყობინება, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეძლონ იმის შეფასება, რომ არაფერი სახიფათო არ ხდება. რაც შეეხება ბოლო დღის წესრიგს, ის, რაც რუსეთს სურს, არ შეიძლება იყოს დღის წესრიგში, რაც მოიცავს აშშ-ს განცხადებას, რომ NATO არ მიიღებს ახალ წევრებს, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ გაწევრიანება.
_სწორედ ახლა ხომ არ არის დრო, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების რეალური შანსი მიეცეთ ან პროცესი დაჩქარდეს?
ვფიქრობ რა, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება კარგი იქნებოდა, უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან სწრაფად არ მოხდება გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით. ამიტომ, მივიჩნევ, რომ საქართველომაც და უკრაინამაც თავად უნდა გადადგან რამდენიმე ნაბიჯი.
_კონკრეტულად, აქ ფაქტორია შიდა ვითარება თუ რას გულისხმობთ?
პირველ რიგში, თუ შეხვედავთ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოც და უკრაინაც გაყოფილია და ეს იმ დროს, როცა მათ სოლიდარობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მე ახლა არ ვაპირებ დამნაშავის ძიებას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დაკავებულია. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს უკრაინაში დაკავება, ან პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე უკრაინის გადარჩენისთვის.
მეორე საკითხი ეხება ევროკავშირთან და NATO-სთან თანამშრომლობას, საქართველომ და უკრაინამ მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართონ NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად, რაც დაეხმარება ამ ქვეყნებს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც.
მესამე - მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაგალითად, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაგზავნა უკრაინელების დასახმარებლად. ვფიქრობ, უკრაინასაც და საქართველოსაც პრიორიტეტის მინიჭება სჭირდებათ ისეთი საკითხებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ სამხედრო ძალებს.
კერძოდ, NATO-ს ქვეყნებთან ან სხვა ქვეყნებთან უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები, თუ რომელი სისტემები და რა სახის ტრენინგი სჭირდებათ ყველაზე მეტად. განიხილონ ეს საკითხები ორმხრივად და შეეცადონ, მიიღონ ეს დახმარება. როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და მოლდოვას სჭირდებათ, მაქსიმალურად მედეგები გახდნენ რუსული აგრესიის აღსაკვეთად.
_როგორ ფიქრობთ, გადამწყვეტი ეტაპია ევროპული უსაფრთხოებისთვის?
ეჭვგარეშეა, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის. ძალიან საშიში პერიოდი, რაც ალბათ ბოლოს, ძალიან დიდი ხნის წინ თუ გვინახავს. პუტინი ხედავს სისუსტეს დასავლეთსა და იმ ქვეყნებში, რომლის პირისპირაც დგას. ის საქართველოსა და უკრაინაში შიდა პოლიტიკურ განხეთქილებას სისუსტედ ხედავს, ბაიდენს კი გაყოფილი ამერიკის სუსტ პრეზიდენტად. ჩვენ ველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს საფრანგეთში და იქ სწორედ ამ საკითხზეა ყურადღება გადატანილი. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა გერმანიაში, რომელიც ჯერ კიდევ პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესშია, და დიდი ბრიტანეთი, რომელიც უფრო დასუსტდა Brexit-ის გამო და შინაგანად დაყოფილია Brexit-ის გამო. ამრიგად, ვფიქრობ, პუტინი ამ მომენტს ალბათ განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, რომელიც ძალიან სახიფათო პერიოდს ქმნის ევროპის უსაფრთხოებისთვის.
_და ვინ დარჩება მოგებული ამ ვითარებაში?
თუ გადავხედავთ რუსეთის ეკონომიკის მასშტაბს, ის ძალიან მცირეა NATO-ს ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით. ასე რომ, ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა NATO-ს, გამოიყენოს ის უპირატესობები, რაც მას აქვს? თუ ის ასე მოიქცევა, მაშინ მას უნდა შეეძლოს პუტინის მხრიდან რაიმე შემდგომი მავნე ქცევის შეკავება. და, თუ NATO-ს ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით წავლენ და სხვადასხვა თამაშის წესებს გამოიყენებენ, მაშინ ჩვენ ბევრად უფრო სუსტები ვიქნებით.