ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის მისი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, თუმცა უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ შედეგებს ვერ აანაზღაურებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ჩინელ კოლეგას და ჩინეთმა აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. საუბრობენ ჩინეთსა და რუსეთს შორის კოორდინირებულ პოზიციებზე. გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ახალი ალიანსი ყალიბდება აშშ-ის პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მთელ მსოფლიოში?ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა.

„პასუხს ორ პუნქტად გავყოფ. პირველი - ეს არის ის, რაც ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მდივან ბლინკენს გასულ კვირას ჰქონდა საშუალება, ესაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამ საუბრის ფარგლებში მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს დაძაბულობა, რომელიც წარმოიქმნება მოსკოვის არასაჭირო პროვოკაციებისა და სამხედრო გაძლიერების შედეგად. რუსეთის პოტენციური შეჭრა უკრაინაში  - ეს არის მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს, არამედ ამის მიღმა, მათ შორის ჩინეთს.

რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. რეალურად რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება.

ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე.

„ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება.

დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციებით ემუქრება.