„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა.
„პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 114 შემთხვევა. კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთხელ გადაიტანეთ კორონავირუსი, იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ ხანგრძლივი. თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა „ომიკრონმა“. დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. არცერთი სხვა ვარიანტი, მათ შორის „დელტა“ არ წარმოადგენს დაბრკოლებას „ომიკრონისთვის“. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ რესპირატორი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება.
„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, რესპირატორი. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში.
ამავე თემაზე
საქართველოში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 722-მა ადამიანმა გაიკეთა