ნორმანდიის ფორმატის მრჩევლების შეხვედრას ბერლინი 10 თებერვალს უმასპინძლებს

ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების - უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა შეხვედრა ხუთშაბათს, 10 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ ვოლფგანგ ბიუხნერმა განაცხადა. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, გერმანია მტკიცედ არის ჩართული ნორმანდიის ფორმატში, რომელშიც მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება და საფრანგეთთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეაქვს უკრაინასა და მის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციის მიღწევაში. 

„ჩვენ საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ პროგრესს მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში“, - აღნიშნა ბიუხნერმა. მან ჰუმანიტარულ ვითარებს დონბასში „დამთრგუნველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მიესალმება ყველა ნაბიჯს „სწორი მიმართულებით“.

მრჩეველთა შეხვედრა ბერლინის დროით 13:00 საათზე დაიწყება. 26 იანვარს პარიზში, ნორმანდიული ფორმატის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში გაიმართებოდა. უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ, ანდრეი ერმაკი, იენს პლოტნერი, ემანუელ ბონი და დიმიტრი კოზაკი. 

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ნორმანდიის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა.

ნორმანდიის ფორმატი 2014 წელს დაფუძნდა. ის უკრაინას, რუსეთს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს და დონბასის რეგიონში კონფლიქტის დასარეგულირებლად შეიქმნა.