ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში წინადადებებთან დაკავშირებით რუსეთს ერთიანი პასუხი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ევროკომისიაში განაცხადეს, ჯოზეფ ბორელმა გადაწყვიტა, რომ ერთიანობის დემონსტრირებისთვის პასუხი ყველა წევრი ქვეყნის სახელით გაეგზავნათ.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სგან და NATO-ს სხვა მოკავშირეებისგან „უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს“ ითხოვს.