უკრაინის დატოვებისკენ თავის მოქალაქეებს ათზე მეტმა ქვეყანამ მოუწოდა

რიგი ქვეყნები თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის არიან, აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 თებერვალს განაცხადა, რომ შეჭრის შესახებ გაფრთხილებამ შეიძლება, გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში, რომელიც მათი „მტრების საუკეთესო მეგობარია".

კიევში მხოლოდ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მცირე ნაწილი დარჩება, დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წევრი კი, სამშობლოში დაბრუნდება, ან უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს გადაიყვანენ, გადაუდებელი საკითხების მოსაგვარებლად. კანადას ასევე გადაჰყავს საელჩოს თანამშრომლები ლვოვში, პოლონეთის საზღვართან. ძირითადი გუნდი კი პოლონეთში დარჩება.

თავად რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი დიპლომატების დაკომპლექტების ოპტიმიზაციას მოახდენს და „კიევის რეჟიმის ან მესამე ქვეყნების შესაძლო პროვოკაციული ქმედებებზე“ საუბრობს.

ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, იტალიამ, ისრაელმა, ნიდერლანდებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს ურჩიეს, დატოვონ უკრაინა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, ასევე გაიყვანა დიპლომატიური პერსონალი და მათი ოჯახები.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.

„მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი.

რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ