ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია.
მოქმედმა პრეზიდენტმა 1045 ხმიდან 1437-დან მოიპოვა. ფედერალური კრება შედგება 1472 დელეგატისგან, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) ყველა დეპუტატი. არჩევნებზე ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გერჰარდ თრაბერტი, მაქს ოტე და შტეფანი გებაუერი.
მეორე, ხუთწლიანი ვადით არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ხელშემწყობების მხარეს იქნება.
„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“.
გერმანიის მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 18 მარტს იწურებოდა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია.
66 წლის სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ადრე მუშაობდა კანცლერის გერჰარდ შროდერის შტაბის უფროსად, ის ფართოდ განიხილებოდა, როგორც აშკარა ფავორიტი არჩევნებში.
ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიაში მცხოვრები ადამიანების 85% შტაინმაიერის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა. ის სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ისე მთავარი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით.