BBC-ის ცნობით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. კიევის მუდმივი მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინას გერმანია არ მიაწვდის ლეტალურ იარაღს, მაგრამ იქნება ფინანსური დახმარება.
„თქვენ იცით გერმანიის დამოკიდებულება იარაღის ექსპორტის მიმართ... ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და შეგატყობინებთ, თუ იქნება ახალი შედეგები", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერი უკრაინისთვის და პირობა დადო, რომ დააჩქარებს გარკვეული თანხების მიწოდებას. ოლაფ შოლცმა უკრაინის მხარდასაჭერად 150 მილიონი ევროს სესხის გაცემის შესახებ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას; მხარს უჭერს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე და რომ გერმანიამ უკრაინის ეკონომიკა უფრო სტაბილური და დამოუკიდებელი გახადა საგარეო გავლენისგან. სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები მზად არიან, მიიღონ ზომების პაკეტი, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, მაგრამ მის დეტალებზე არ უსაუბრია.
განხილული საკითხები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში უკრაინის თავდაცვის კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების ჩართვის აუცილებლობა განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და გერმანიას საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე „უპრეცედენტო გამოწვევაა“ ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინა არის საიმედო მოკავშირე და დემოკრატიის რეალური დამცველი რეგიონში.
„უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ვოლოდიმირ ზელენსკის და ოლაფ შოლცს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოლაფ შოლცთან ეს საკითხი განიხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ გარკვეული განსხვავებები აქვთ შეფასებაში.
„ამჟამად, საკითხს განვიხილავთ მხოლოდ ენერგეტიკისა და უსაფრთხოების რისკების პრიზმაში ჩვენთვის და რეგიონისთვის. ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ ეს არის გეოპოლიტიკური იარაღი, რის გამოც უკრაინას სჭირდება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„შოლცი თავს არიდებს სიტყვების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ხმამაღლა წარმოთქმას, რომ აღარაფერი ვთქვათ საკამათო მილსადენის გაუქმების დაპირებაზე, მან დღეს გამონაკლისი არ დაუშვა“, - წერს BBC.
უკრაინის პრეზიდენცმა შოლცს შესთავაზა ენერგეტიკის სექტორში კონკრეტული სტრატეგიული დიალოგის დაწყება, რათა განვითარდეს ენერგეტიკული გარანტიები და უკრაინის მიმართ ეფექტიანი მხარდაჭერა ენერგეტიკულ სექტორში.
„მნიშვნელოვანია, რომ გერმანია გახდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების გარანტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან შოლცს გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ჩატარებაც შესთავაზა.
NATO-ში უკრაინის გაწევრიანება
მაშინ, როდესაც ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას.
„ამჟამად ალიანსებში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ რუსეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ერთი სახელმწიფო ვერ ეტყვის მეორეს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს.
„ამჟამად ამოცანა არის დეესკალაცია. ამ მიზნით არის ნორმანდიის ფორმატი, არის მინსკის შეთანხმებები, არის NATO-რუსეთის საბჭო და არის ეუთოს მიერ მოწოდებული სხვადასხვა ფორმატი ეს არის ჩვენი ამოცანა ახლა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანია განაგრძობს უარს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, მიუხედავად კიევის არაერთგზის მოწოდებისა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გერმანიის კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე სამართლებრივ აკრძალვას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ამიტომ ეს პოლიტიკური საკითხია.
ოლაფ შოლცი 15 თებერვალს უკვე რუსეთს ეწვევა.
ოლაფ შოლცი რუსეთსა და უკრაინაზე - ინტერვიუ The Washington Post-თან.