რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს

თუკი ვაშინგტონის წინადადებაზე, რუსეთის თერთმეტგვერდიან წერილობით პასუხს გადახედავთ, ის სავსეა აშშ-ის კრიტიკით, ტონი არის მკაცრი და საკმაოდ უკომპრომისო. მოსკოვმა აშშ-ის „კონსტრუქციული პასუხი“ რუსეთის ძირითად მოთხოვნებზე, როგორიცაა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, ვერ აღმოაჩინა. ბოლოდროინდელ პროცესებს BBC სტატიაში მიმოიხილავს.

რუსეთი თავის პოზიციებს არ ამსუბუქებს. დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-მ ყველა ჯარი და შეიარაღება გაიყვანოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთიდან.

მოსკოვი იმუქრება სამხედრო-ტექნიკური ზომებით, თუ ის ვერ მიიღებს „უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“. აშშ-ის ელჩის მოადგილის გაძევება მოსკოვიდან, რუსეთის მხრიდან დიპლომატიის გზის შეჩერების ზოგად განცდას ტოვებს. ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ესკალაციად აღიქვამს. 

„ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ჯო ბაიდენის ამ განცხადებას დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები დაძაბულობას იწვევს“.


აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. 

მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით.

„რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით.

მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.