აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის გამო გააფრთხილა და მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი 18 თებერვალს შედგა.
„18 თებერვალს, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა რუსეთს მოუწოდა დეესკალაციისკენ, უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების საკუთარ ბაზებზე დაბრუნებისა და საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ", - ვკითხულობთ თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
შეერთებული შტატები და NATO აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით.
18 თებერვალს, პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ქვეყნის უფლებას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება.
აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით.
17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.
15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.
ამავე თემაზე