აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა.
აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს.
17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.
15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.
ამავე თემაზე:
ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს
ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა