უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს ამერიკულ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომას შეუზღუდავენ, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები ბევრად უფრო შორს მიმავალია, ვიდრე მან ეს საჯაროდ თქვა.

„ჩვენ, ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაპირებთ, შევაჩეროთ მათი ვაჭრობა ფუნტებსა და დოლარებში“, - განუცხადა ჯონსონმა BBC-ს.

თუმცა ჯონსონმა ეჭვქვეშ დააყენა სანქციების საფრთხე საკმარისი იქნებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, რადგან კრემლის მეთაური შესაძლოა, ლოგიკურად არ მსჯელობდეს.

ინფორმაციისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ლითონის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მათზე ვაჭრობა უმეტესად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან.

ამავე თემაზე

ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს