პუტინი ალიევს მასპინძლობს

22 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა დაიწყო, იტყობინება აზერბაიჯანული მედია. პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის შეჩერებაში.

რუსეთი წამყვან როლს თამაშობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობების შესაქმნელად, განაცხადა ალიევმა. მანვე დაამატა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

„ეს არის ჩემი, როგორც პრეზიდენტის, 48-ე ვიზიტი რუსეთში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს“, - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერის შესახებ საუბრისას.

ალიევმა აღნიშნა, რომ დეკლარაცია საკმაოდ მოცულობითია და შეიცავს 40-ზე მეტ პუნქტს, მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების არსებით სფეროებს და მას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენა ყოველთვის აერთიანებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს და რომ აზერბაიჯანში 340-მდე სკოლაა, სადაც გაკვეთილები რუსულ ენაზე ტარდება.


21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების ევროკავშირის განცხადების მოლოდინშია მსოფლიოც. წინასწარ დაანონსდა, რომ ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.