უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებები განიხილეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის ჩატარებას უკრაინის, თურქეთისა და გერმანიის მონაწილეობით. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა.
- სატელეფონო საუბარი მქოონდა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მადლიერება გამოვხატე უკრაინის პოზიციის მხარდაჭერისთვის რუსეთის ბოლო პროვოკაციულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ასევე, მადლობა გადავუხადე ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომ ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტი უკრაინის, თურქეთისა და გერმანიის მონაწილეობით.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.