ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას, აცნობა მედიას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელიდან.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ერთხმად მიიღეს სანქციების პირველი პაკეტი პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა დაამატა, რომ მოსკოვმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და თავისი ვალდებულება არ შეასრულა.
- კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სუბიექტების სრული სია, ოფიციალურად, 23 თებერვალს გამოქვეყნდება, თუმცა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია უკვე იუწყება, რომ პირებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები უწესდებათ, სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი არიან.
რადიო თავისუფლების ცნობით, სამხედრო პირების გარდა, სასანქციო ზომები შეეხებათ რუსეთის ბიზნესის და მედიის სფეროს წარმომადგენლებს -„ვაგნერის ჯგუფის“ მფლობელს და დამფინანსებელს, ევგენი პრიგოჟინს, მის დედას და ცოლს, ასევე, ბანკ VTB-ის ხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელს, მარია ზახაროვას. ასევე, სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ცნობილი წარმომადგენლები, ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვი, ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარ რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც „ტროლების ფაბრიკას“ წარმოადგენს.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ამავე თემაზე
ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა