უკრაინის უშიშროების საბჭო ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას ითხოვს

უკრაინის უშიშროების საბჭო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ მიიღო, თუმცა საბოლოოდ, ის უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

BBC-ის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა დაწესდება ყველა რეგიონში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკისა.

მისივე თქმით, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

22 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფებს კი, ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში.


22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.