პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში მეორე იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ამასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩსა და კონსულს დღემდე კიევი არ დაუტოვებიათ. ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ თანადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.
„რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების თანადგომას უკრაინის მიმართ - იცით, რომ გუშინ შევხვდი უკრაინის ელჩს საქართველოში და მან კიდევ ერთხელ გადმოგვცა უკრაინის ხელისუფლების მადლობა თანადგომისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს უკრაინის მიმართ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რომელსაც სხვათა შორის ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა; საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს - გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატს, რათა მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. მათ შორის იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც ევრონესტი მხარს უჭერს უკრაინას; საქართველოს ელჩი უკრაინაში და საქართველოს კონსული დღემდე კიევში იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, პირდაპირ კავშირზე არიან. ხაზს ვუსვამ - დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გამო, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.
„დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მართავს, მათ შორის, სწორედ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ და ცდილობს დააკნინოს რეზოლუცია. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს, რომლის გამოც ჩვენ უკრაინა მადლობას გვიხდის. ანუ უკრაინა კმაყოფილია ამ რეზოლუციით და ოპოზიციის ნაწილი არ არის კმაყოფილი, რაც აბსოლუტურად აბსურდია და ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ისინი ცდილობენ, უკრაინის საკითხი გამოიყენონ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ასევე წაიკითხეთ:
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს