საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა.
„დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები თავდაცვის ძალებს უტევენ, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტის დარბაზი არ გაეღო. საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს. ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, ჩაუკეტოს გმირებს, ვინც გუშინ და დღეს დაეცნენ. დღეს აქ საქართველოს და უკრაინის ჰიმნები უნდა გაგვეჟღერებინა და გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებულები ვართ, გვეთქვა, რომ უკრაინაში მიდის აგრესია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაინიშნა, მისვლას არ აპირებს. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში სხდომა არ ჩატარდება, საბოლოოდ ეს არის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე, ეს არის განაცხადი „ქართული ოცნების", რომ არ აპირებენ იბრძოლონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
ამავე თემაზე: პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა
„საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა რომ განაცხადა, მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს ხელის მოწერით დაეთანხმოს.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს
ირაკლი ღარიბაშვილის: უკრაინაში ჩასვლა, ჩასვლისთვის არაფრის მომცემია