რუსეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებისთვის – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებას მხარს დაუჭერს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, რათა ხალხის სიკვდილი შევაჩეროთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები შესთავაზა
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.