საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ეკლესია-მონასტრებისა და სიწმინდეების მოსალოცად ჩამოსული უკრაინელი მომლოცველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძე ჯგუფის წევრებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დეპუტატებმა სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის სახელით საჩუქრები გადასცეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.