საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. მანამდე, აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ლოკაციის შეცვლის მიზეზი ხალხის ჭარბი რაოდენობა გახდა. პარლამენტთან ასეულობით ადამიანია შეკრებილი და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

ადგილზე ისმოდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები. ასევე, შეძახილები პრემიერის გადადგომის მოთხოვნით. როგორც იუწყებიან, აქციას არ ჰყავს ლიდერი და სიტყვით გამომსვლელები - ისმის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი. მოქალაქეები ადგილზე ორი ქვეყნის დროშებით მივიდნენ.

აქციას „პასუხი რუსულ ოცნებას“ ჰქვია. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.


საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.


24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.