ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია. ამის შესახებ BBC იუწყება.
„ნება მომეცით აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები, რომლებსაც ევროკავშირი სანქციები აქვთ, არიან ასადი სირიიდან, ლუკაშენკო ბელორუსიდან და ახლა პუტინი რუსეთიდან“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
BBC-ის ინფორმაციით, პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საბოლოოდ დაექვემდებარებიან აქტივების გაყინვას. თუმცა წყაროზე დაყრდნობით, მედია ასევე იუწყება, რომ მოგზაურობის აკრძალვა მათ არ შეეხებათ.
ამავდროულად, წყაროები ევროკავშირიდან ამბობენ, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების შესაძლო მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებს ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია, იზოლირებულად იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს.
ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებს იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნება გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს.
დღეს გერმანიის ფინანსთან მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტის საკითხი, თუმცა შესაძლო შედეგებიც უნდა გათვალოს.
დღესვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
„ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა ფეხქვეშაა გათელილიი და ჩვენ, როგორც ევროპელები ამას არ ვაღიარებთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.