პუტინს და ლავროვს სანქციები კანადამაც დაუწესა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი აპარატის უფროსსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს კანადამ სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, რუსული ბანკების გამორიცხვა SWIFT-დან, მაღალი უსაფრთხოების ქსელიდან, რომელიც აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში, „კიდევ უფრო გაურთულებს პრეზიდენტ პუტინს მისი სისასტიკის დაფინანსებას“.

  • კანადა აცხადებს ჩვენს მესამე მკაცრი, კოორდინირებული სანქციების პაკეტს. პირველ რიგში, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პრეზიდენტ პუტინს და მის კოლეგებს ამ ბარბაროსული ომის არქიტექტორებს, მისი შტაბის უფროსს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. გარდა ამისა, ვადასტურებ კანადის მხარდაჭერას, რომ რუსეთი ამოიღოს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, რომელიც გლობალური საბანკო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
  • კანადა ასევე აცხადებს, რომ დააწესებს დამატებით სანქციებს ბელორუსისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის მიერ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის ხელშეწყობის გამო. 

ტრუდოს თქმით, ეს სანქციები გამიზნული იქნება 57 ადამიანზე და დაემატება „ალესანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ ათობით ძლიერ სანქციას ადამიანის უფლებების განმეორებითი, სისტემატური დარღვევისა და საკუთარი ხალხის ჩაგვრის გამო".

25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა.


ფიდემ რუსეთს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება ჩამოართვა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება

Facebook-მა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.


24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.