ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ.
„მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომელბმაც შექმნეს ყველანაირი პირობა, რომ მიიღონ ჩვენი მოქალაქეები. შექმნილია პირობები ჩვენი მოქალაქეების განთავსებისთვის და ასევე მათ მიერ საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთისთვის. ირლანდიამ გააუქმა სავიზო რეჟიმი უკრაინის მოქალაქეებისთვის. ბევრმა ქვეყანამ უკან გაიწვია საკუთარი ელჩები და ასევე ქვეყნიდან გამოიყვანა რუსეთის ელჩები. ეს არის სოლიდარობა, საერთშორისო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება.
ეს არის პასუხი შეკითხვაზე, რომელსაც მისვამენ ჩემი კოლეგები, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ უკრაინისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და საქართველოშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ავიამიმოსვლა უკრაინასთან, ასეულებით, მე მგონი უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება. საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ. მცირე საშუალო და მსხვილი სასტუმროების მეპატრონეები გვეკითხებიან, რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენი მოქალაქეებისთვის და ყველაფერს აკეთებენ, რომ განათავსონ ისინი", - განაცხადა მან.
24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა