შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემაზე სანქცირებული რუსული ბანკების წვდომა დაბლოკონ. ზომები მიზნად ისახავს, პუტინს შეეზღუდოს 630 მილიარდი დოლარის გამოყენება ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, რათა რუბლის გაუფასურება შეაკავოს.
ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს სანქცირებული რუსული ბანკების გაძევებას SWIFT-დან.
ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების პაკეტს კვირას საღამოს ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილავენ, რაც მიმდინარე კვირაში უკვე მეოთხე შეკრება იქნება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება გადაწყვიტა რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან. ევროკავშირი გეგმავს, რუს ოლიგარქებს აუკრძალოს ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე.
„როდესაც რუსული ძალები ახორციელებენ თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ რუსეთისთვის უზარმაზარი ფასის დაკისრება. ხარჯები, რომლებიც რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას მოახდენს საერთაშორისო ფინანსური სისტემისა და ჩვენი ეკონომიკებისგან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ყველა სანქცია, რაც დაწესებულია ან დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, რომ ომი დააფინანსოს.
„ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს. ყველა ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, დააფინანსოს ომი. პუტინი დაადგა გზას, რომლის მიზანი იყო უკრაინის განადგურება, მაგრამ ის, რასაც აკეთებს, ფაქტობრივად ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს", - გაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა