მაკრონის შემდეგ, პუტინს ომის შეწყვეტისკენ გერმანიის კანცლერმაც მოუწოდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა, სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შოლცმა ასევე მოუწოდა პუტინს, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა იმ რაიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 3 მარტს 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმერ პუტინთან. მაკრონის ოფისის ცნობით, ეს იყო უკვე მესამე საუბარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც France24-ს მაკრონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ თვლის, რომ უკრაინაში „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. პუტინმა 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს „უკომპრომისო ბრძოლის“ პირობა დადო.


ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე

მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა