გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებები 75 წუთს გაგრძელდა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზარი იყო საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასასრულებლად.
მისი თქმით, სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ არ გაამჟღავნონ დამატებითი დეტალები საუბრის შესახებ. მისივე თქმით, მაკრონი და შოლცი მოითხოვენ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ძალისხმევის წამოწყებას. სპიკერმა დაამატა, რომ შოლცი ასევე ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვლადიმერ პუტინმა აცნობა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინაში "რეალური სიტუაციის" შესახებ. პუტინმა უკრაინული ძალები დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა ნორმების დარღვევაში და მოუწოდა მაკრონს და შოლცს, აიძულონ კიევი შეაჩეროს მსგავსი ქმედებები“.
პუტინმა ასევე ისაუბრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბოლო დღეებში ვიდეოფორმატში გამართული მოლაპარაკებების სერიაზე. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 10 მარტსაც მოითხოვეს.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.
გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.
დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.