რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსული მედიის კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა სტამბოლის მოლაპარაკების შემდეგ პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრას, უპასუხა: „არა. წინსვლა არ არის“.
„პროგრესზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია. თავად ფაქტი. რომ მოლაპარაკებები პირისპირ ფორმატში გაგრძელდება, უთუოდ, მნიშვნელოვანია. მაგრამ ჯერჯერობით რაიმე დეტალების გასაჯაროებისგან თავ შევიკავებთ. მიგვაჩნია, რომ ეს მოლაპარაკების პროცესს ხელს შეუშლის. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ შეგვიძლია რაიმე არსებითი მიღწევის ან გარღვევის დადასტურება", - თქვა პესკოვმა.
ამასთან, კრემლში აცხადებენ, რომ სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას არ უნდა ველოდეთ.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ.
რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ