კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ამის შესახებ CNN წერს.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა და რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მასიური შეტევისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ კიევს საფრთხე არ ემუქრება. არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით, რომ კიევის მახლობლად სამხედრო აქტივობას მოულოდნელად შეამცირებს“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შემცირებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.
ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს
Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ