უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებისას დასმული საკითხები მოკლედ შეაჯამა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
პოდოლიაკის განცახდებით, უკრაინის მოთხოვნაა, მიიღოს სამართლებრივი გარანტიები უსაფრთხოების ახალი მოდელის შესახებ, რომელიც NATO-ს მე-5 (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მუხლის ანალოგიური იქნება.
პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განრიგს ყირიმის საკითხიც დაემატა.
„სტამბოლის შეჯამება: სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ახალ კონტურებს ქმნის (NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური). ყირიმის საკითხი მოლაპარაკებების განრიგში ბრუნდება. დასტური უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობაზე. უსაფრთხოების გლობალური პრინციპებისა და ინსტიტუციების როლის გადახედვა იწყება“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.
გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
დღეს ასევე ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ