ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცახდა.
მისი თქმით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის შედგენა ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა.
„კითხვარის მოწოდება ხდება ძალიან მოკლე ვადებში და ეს უკვე ხაზგასმაა იმის, რომ ევროპული მხარე მონდომებული და დაინტერესებულია პროცესის სწრაფად წარმართვით. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ჩვენ მიერ კითხვარის შევსების მოლოდინიც იქნება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება სამივე ასოცირებული ქვეყნის შესახებ ერთდროულად მიიღეს, კითხვარიც სამივე ქვეყნისთვის ერთ დროს იქნება გადმოცემული და დიდი ალბათობით პასუხებიც დაახლოებით ერთ დროს იქნება მოთხოვნილი. „ევროპული მხარე მიიჩნევს, რომ იმ ევროპული სახელმწიფოების ადგილი, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირში დამკვიდრებულ პრინციპებსა და ღირებულებებს - ევროკავშირშია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ
„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი