უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ასოცირებული ტრიოს დაფუძნებას და ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესთან ავლებს პარალელს. ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-თან განაცხადა, რომ „ეს არის ცასლახად ძალიან კარგი მემორანდუმი“. მისი შეფასებით, თუ ეს მემორანდუმი განხორციელდება ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში; თუ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთმანეთთან ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ ნამდვილად ევროპული ფასეულობების და თანამშრომლობის ტრადიციებით, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი ამ სამივე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების.
„ცოტა მაგონებს ვიშეგრადის ოთხეულის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, მაშინ, ვიშეგრადის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ერთდროულად უახლოვდებოდნენ ევროკავშირს და ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც განაპირობა ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანება ამ 4 ქვეყნის, იყო ის, რომ ეს ოთხივე ქვეყანა არამხოლოდ დეკლარირებდა, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებს აფუძნებდა ევროკავშირის თანამშრომლობით პრინციპებზე, ტრადიციებზე და კრიტერიუმებზე. ეს ევროკავშირის გადასახედიდან ძალიან მიმზიდველი ფაქტორი იყო და ამტკიცებდა იმას, რომ ეს ოთხი ქვეყანა მზად იყო საიმისოდ, რომ გაწევრიანებულიყო ევროკავშირის სივრცეში.
თუ ეს მემორანდუმი განხორციელდება ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში; თუ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთმანეთთან ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ ნამდვილად ევროპული ფასეულობების და თანამშრომლობის ტრადიციებით, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი ამ სამივე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების და ამ თვალსაზრისით მხოლოდ შემიძლია მივესალმო ამ მემორანდუმის გაფორმებას.
როგორც მე მესმის, ეს არის იმის ვალდებულება, რომ ძალიან მჭიდროდ მოახდინონ კოორდინირება საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების და მინიმუმ, საკუთარი პოლიტიკის ევროკავშირთან მიმართებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო ფართო საფუძველი უნდა ჰქონდეს, საგარეო პოლიტიკის კოორდინირებაზე უნდა იყოს საუბარი, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნები ძალიან მჭიდროდ უთანხმებენ ერთმანეთს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, როგორც ცნობილია, საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელიც კი ჰყავთ, ჟოზეპ ბორელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო ძლიერ სვლად იქნება ევროპელების მხრიდან აღქმული ის ფაქტი, თუ სამივე ქვეყანა სინქრონულად გააკეთებს ამ განაცხადს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რადგან ცალ-ცალკე ამის გაკეთება, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნული პრინციპების დანერგვის დადასტურება არ იქნება.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება მხოლოდ ლამაზ და გაფორმებულ დოკუმენტად, არამედ იქნება გზამკვლევი ამ სამივე ქვეყნის ერთმანეთთან ურთიერთობებსა და ევროპასთან დაახლოებაში. ასევე - კონკრეტულად ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდება კანდიდატობის სტატუსს, იქნება ძალიან მჭიდრო და ერთობლივი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-ს.
„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი
ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან