ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოსთვის „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის“ გადაცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის კითხვარის მიღება საქართველოსთვის ახალი და მნიშვნელოვანი შანსია. „ესაა არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამას უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს , ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ ამას კიდევ უფრო უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა ეს დღე ამას ვერავინ ვერ იტყოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო, რომ „აეჩქარებინა ეს პროცესი“ და „გაეხადა ეს პროცესი უფრო პოლიტიკური ვიდრე ბიუროკრატიული“. პრეზიდენტის განცხადებით, მას ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე ჰქონდა. „ ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში და დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
ამავე თემაზე
ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა