ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა  და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი.

„მე მოხარული ვარ, რომ ევროკომისიამ გასაგებად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელშიც  „ნავთობის ოფცია“ იქნება“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, 8 აპრილს ევროკავშირმა სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო

აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა.

უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს