ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.
გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა.
„ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს.
„ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. მისი თქმით, იტალიის ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ მოქალაქეები დაიცვას კონფლიქტის შედეგებისგან.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ
უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს
იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს