ეგვიპტე და ევროკავშირი ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

ეგვიპტე და ევროკავშირი შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ბუნებრივი გაზის სფეროში, დასავლეთის ბაზრებზე რუსული გაზის ჩანაცვლების ფარგლებში. ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიასთან ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი სამიჰ შუქრი კაიროში შეხვდა ევროკავშირის დელეგაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობით, რომელიც „ევროპის მწვანე კურსს“ კურირებს.

„მხარეები ასევე შეთანხმდნენ თხევადი ბუნებრივი გაზისა და მწვანე წყალბადის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის მწვანე წყალბადის სეგმენტში პარტნიორობის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს წყალბადით ვაჭრობას ევროპას, აფრიკასა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებს შორის“, - ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, კაირო და ბრიუსელი თანხმდებიან, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენამ არ უნდა შეასუსტოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სურვილი და არ გამოიწვიოს განვითარებადი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ფინანსური სივრცის შევიწროება.


ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. 

11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა.

4 აპრილს ლიტუვას ენერგეტიკის სამინისტრომ განაცახდა, რომ ქვეყანამ რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. 

ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური  რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება.

2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია.

IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე.


ასევე წაიკითხეთ

რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა