გიტანას ნაუსედა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს პარტნიორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, აკრძალონ რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი და დაუწესონ სანქციები ყველა რუსულ ბანკს. გიტანას ნაუსედამ მოუწოდა მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით.

„ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა თავდაცვითი იარაღი. იმედი მაქვს, ამ გზით უკრაინა მიაღწევს გამარჯვებას და მშვიდობას. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. 

გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა მოითხოვა რუსული ნავთობისა და გაზის აკრძალვა და სანქციების დაწესება ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

„მრავალი წლის განმავლობაში ლიეტუვას ჰქონდა გაზის მხოლოდ ერთი წყარო და ეს იყო რუსეთი. ჩვენ მოვახერხეთ აგრესორთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა და მჯერა, რომ დანარჩენი ევროპა ამას შეძლებს. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, უკრაინა ევროკავშირს ეკუთვნის და ლიეტუვა მხარს დაუჭერს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირში.


ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ამავე თემაზე

სამი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში: ჩვენი მიზანია, უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს, პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დავუჭიროთ