ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ევროკომისიის სპიკერმა Europetime-ის შეკითხვას ექსკლუზიურად უპასუხა. ევროკომისიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა მოლოდინები აქვს ევროკომისიას უკრაინასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე დააბრუნა შევსებული კითხვარი და როგორია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისადმი დამოკიდებულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკომისია მზადყოფნას ადასტურებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. მანამდე, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს უკრაინისგან ოთხი კვირის განმავლობაში ელის. 

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მივიღეთ.

ჩვენ ველით, რომ კითხვარის მეორე ნაწილზე ოთხი კვირის განმავლობაში (მაისის შუა რიცხვებამდე) მივიღებთ პასუხებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. პასუხები დაეხმარება კომისიას, მოამზადოს შეფასება უკრაინის განაცხადის შესახებ, წევრობის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

კითხვარები გახლავთ შიდა დოკუმენტები, რომლებიც კომისიას მოსაზრებების მომზადებაში ეხმარება, ამიტომ, ეს დოკუმენტები არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. ევროკომისიის მიერ მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის საბჭოს ხელშია“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა.


ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც.

3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე.


ასევე წაიკითხეთ

რა წერია ევროკავშირის კითხვარში