საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მზადაა კიევში წასასვლელად. ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა. ამ თემაზე საფრანგეთის მხრიდან უკვე მეორე კომენტარი გაკეთდა. ატალმა ტელეარხ France Info-სთან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ამასთან, თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა მაკრონი კიევში მისი პირველი სამუშაო ვიზიტით ჩავიდეს პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში გენოციდის მტკიცებულებების სანახავად მიიწვია. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, CNN-თან ზელენსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
- „მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რომ რუსეთთან დიალოგი უზრუნველყოს. უბრალოდ ვუთხარი, მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე მას ვუთხარი, ჩამოვიდეს, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ამავე თემაზე