აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვაშინგტონში შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხალხს და დააკისროს რუსეთს ხარჯები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შმიგალს ასევე გააცნო მისი დღევანდელი განცხადება დამატებითი, 800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების და 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
„შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შგიგალს ამ დილით, რათა დამედასტურებინა ჩვენი მუდმივი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე“, - თავის მხრივ, ნათქვამია ბაიდენის Twitter პოსტში.
შმიგალი, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. საგულისხმოა, რომ დენის შმიგელი უკრაინის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე.
უკრაინული მედიის ცნობით, შმიგალმა და ბაიდენმა განიხილეს ფინანსური და სამხედრო დახმარების გაფართოების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების და საერთაშორისო ანტიპუტინური კოალიციის კონსოლიდაციის საკითხი.
- „აშშ-ის ხელმძღვანელობა იარაღის მიწოდებაში, ფინანსური დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაში აუცილებელია უკრაინის გამარჯვებისთვის, დემოკრატიული სამყაროს დამოუკიდებლობისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. ეს არის ერთადერთი გზა, რამაც უნდა აიძულოს კრემლი, დაასრულოს ომი", - განაცხადა შმიგალმა.
შმიგალმა ბაიდენს უამბო უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მრავალრიცხოვან მსხვერპლზე, მნიშვნელოვან ზარალსა და განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინელების სახელით მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, კერძოდ, 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის და 500 მილიონი დოლარის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გამოცხადებისთვის.
„მთელმა მსოფლიომ გაიგო რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სისასტიკეზე ბუჩაში, კრამატორსკში, ბოროდიანკაში, ჰოსტომელში, მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, ამ ქმედებებს გენოციდი უწოდოთ. ჩვენ იმედი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის, რომ დანაშაულის ორგანიზატორებსა და დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემენ“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა.
მხარეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხი წამოჭრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდად აფასებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას პარტნიორების ძალისხმევის კრემლის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად.
შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და უკრაინელებმა აჩვენეს, რომ არ დანებდებოდნენ და რომ გაიმარჯვებდნენ. შმიგალმა აღინიშნა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ის ხელმძღვანელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ბაიდენმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს.
19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ