გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს. გერმანული მედიის ცნობით, ეს თანხა ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენაზე დაიხარჯება.

"22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, ხოლო 14,4 მილიონი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყოფილი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.

პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს