ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებთან. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მას მტკიცედ მოვუწოდე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასვლა მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან. მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: მხარდაჭერა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის მიმართ. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია“, - დაწერა შარლ მიშელმა Instagram-ის გვერდზე.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.


ასევე წაიკითხეთ